ეკლესიასტე. Chapter 5

1 ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
2 როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
3 თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
4 სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
5 ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
6 რადგან ბევრს სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი ღვთისა გეშინოდეს.
7 თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.
8 უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის.
9 ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
10 ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.
11 ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
12 არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.
13 დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;
14 ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.
15 ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?
16 თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.
17 აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
18 კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
19 და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს.