ეკლესიასტე. Chapter 6

1 არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.
2 მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.
3 კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
4 ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა სახელი მისი;
5 ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
6 თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.
7 ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
8 რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
9 სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
10 რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
11 ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?
12 რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.