ეკლესიასტე

1 სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა.
2 ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
3 ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
4 თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
5 აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
6 სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
7 ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.
8 უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება.
9 რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
10 ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
11 არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
12 მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.
13 ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.
14 განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
15 გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ.
16 ვუთხარი ჩემს თავს: აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში, და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას.
17 როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
18 რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.