ესთერი. Chapter 7

1 ეწვივნენ მეფე და ჰამანი სანადიმოდ ესთერ დედოფალს.
2 უთხრა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინის სმის დროს: რა გაქვს სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცმა. რა გაქვს სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
3 თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.
4 რადგან გაყიდული ვართ მე და ჩემი ერი დასაღუპად, ამოსაწყვეტად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, დავიდუმებდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს.
5 თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ეს საქმე?
6 თქვა ესთერმა: ორგული კაცია ეს ბოროტი ჰამანი. შედრკა ჰამანი მეფისა და დედოფლის წინაშე.
7 ადგა მეფე ნადიმიდან განრისხებული და გავიდა სასახლის ბაღში. ხოლო ჰამანი დარჩა, რათა პატიება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისგან, რადგან ხედავდა, რომ ავი ხვედრი ელოდა მეფისგან.
8 როცა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში დაბრუნდა მეფე, დამხობილი დახვდა ჰამანი საწოლზე, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: დედოფალზეც რომ ძალადობს ჩემთან სახლში! სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და დაუფარეს სახე ჰამანს.
9 თქვა ხარბონამ, საჭურისთაგანმა, მეფის კარისკაცმა: აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მარდოქაის, მეფეზე კარგის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთაა სიმაღლით. თქვა მეფემ: მასზე ჩამოაღრჩვეთ.
10 ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.