ესთერი. Chapter 2

1 ამ ამბების შემდეგ, როცა დაუცხრა მეფე ახაშვეროშს რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მასზე გამოტანილი განაჩენი.
2 თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა: მოუძებნონ მეფეს ლამაზი ყმაწვილი ქალები.
3 დააყენოს მეფემ ზედამხედველნი თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარონ სადიაცო სახლში მეფის საჭურისს, დიაცთა მცველს ჰეგეს, რომელიც დაურიგებს მათ ფერუმარილს.
4 ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად. მოეწონა ნათქვამი მეფეს და ასეც მოიქცა.
5 იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტოში, სახელად მარდოქაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
6 რომელიც გადასახლებული იყო იერუსალიმიდან იექონიასთან, იუდას მეფესთან, ერთად გადასახლებულთა შორის, რომელნიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა.
7 პატრონობდა იგი ჰადასას ანუ ესთერს, თავის ბიძაშვილს, რადგან არც მამა ჰყადა მას, არც დედა. ტანადი და პირმშვენიერი იყო ყმაწვილი ქალი. როცა დედ-მამა დაეხოცა, იშვილა იგი მარდოქაიმ.
8 როცა გამოაცხადეს მეფის ბრძანება და დადგენილება და თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ მიიყვანეს ესთერიც მეფის სახლში და ჩააბარეს ჰეგეს, დიაცთა მცველს.
9 მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.
10 არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ერი და სამშობლო, რადგან დაარიგა მარდოქაიმ, არ გაემჟღავნებინა.
11 ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე მარდოქაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, ესთერის ჯანმრთელობისა და ამბის გასაგებად.
12 როცა მოუწევდა ყმაწვილ ქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისთვის (რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა მათ დაზელვას: ექვსი თვე მირონის ზეთით და ექვსი თვე ბალსამონით და სხვა სადიაცო ნელსაცხებლებით),
13 მაშინ შევიდოდა ყმაწვილი ქალი მეფესთან. რაც არ უნდა მოეთხოვა, თან გაატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში მიმავალს.
14 საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა სხვა სადიაცო სახლში, შააბგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით. მეტჯერ აღარ შედიოდა მეფესთან, თუ არ ინებებდა მეფე მის დაძახებას, თუ სახელდებით არ დაუძახებდა.
15 როცა მოუწია ესთერს, მარდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც ნაშვილები ჰყავდა მას, მეფესთან შესვლის რიგმა, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც დაწესებული ჰქონდა ჰეგესგან, მეფის საჭურისისა და დიაცთა მცველისგან. ყველა მისი მნახველის თვალში მადლი ჰქონდა ნაპოვნი ესთერს.
16 მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
17 შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
18 გაუმართა მეფემ დიდი ლხინი თავის მთავრებსა და მორჩილთ, ლხინი ესთერის სახელზე და შეუმსუბუქა ტვირთი სამთავროებს და მეფურად გასცა საჩუქრები.
19 როცა მეორეჯერ მოუყარეს თავი ქალწულებს, სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი.
20 არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი სამშობლო და ერი, როგორც დარიგებული იყო მარდოქაისგან. ახლაც ისევე ასრულებდა ესთერი მარდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მის მეურვეობაში იყო.
21 იმ ხანებში, როცა სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი, გაცოფდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა განიზრახეს.
22 შეიტყო ეს ამბავი მარდოქაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მარდოქაის სახელით მოახსენა მეფეს.
23 გამოძიებული იქნა საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. ეს ყველაფერი ჩაიწერა მატიანის წიგნში მეფის თვალწინ.