პირველი ეზრა. Chapter 1

1 სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელს თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:
2 ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მანვე მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.
3 ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია.
4 დანარჩენებმა, ყველამ თავის ადგილიდან, ვინც კი სადმე ცხოვრობს, ხელი გაუმართოს მას ვერცხლით, ოქროთი, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით - ნებაყოფლობითი ძღვენი გაიღოს იერუსალიმში მყოფი ღმერთის სახლისთვის.
5 გაემზადნენ იუდას და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცნი, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც კი იერუსალიმში მყოფთ უფლის ტაძრის ასაშენებლად აღუძრა სული ღმერთმა.
6 ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით და ოქროულობით, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით, ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით გაიღეს.
7 მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა წამოღებული და მისი ღმერთის ტაძარში ეწყო.
8 გამოიტანა ისინი მეფე კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატ მეგანძურის ხელით; მან კი თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდაელ მთავარს.
9 აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი - ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი - ათასი, დანა - ოცდაცხრა,
10 ოქროს ბარძიმი - ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი - ოთხას ათი, სხვა ჭურჭელი - ათასი.
11 ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.