იესო ნავეს ძე. Chapter 7

1 ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.
2 გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.
3 ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს: ნუ ავა მთელი ხალხი, ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი.
4 წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს.
5 დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.
6 შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
7 თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გამდმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით!
8 ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს.
9 გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს?
10 უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი?
11 შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.
12 ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს.
13 ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს.
14 თითო-თითო შტო მოდექით ხვალ დილით; რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს მისგან; რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო სახლი მოდგეს მისგან; რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან.
15 ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში.
16 ადგა იესო დილაადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო-თითო შტო; დაჭერილი იქნა იუდას შტო.
17 მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო; მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი.
18 მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან.
19 უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.
20 მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო.
21 დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.
22 გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი.
23 წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელს ისრაელობას, და დაყარეს უფლის წინ.
24 გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე.
25 თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.
26 აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დაცხრა უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი (რისხვის ველი).