იობი. Chapter 41

1 აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
2 მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
3 ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
4 არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
5 ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
6 მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
7 მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;
8 ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;
9 ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;
10 მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;
11 მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
12 ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
13 მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
14 მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
15 ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
16 ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
17 წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
18 მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;
19 რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;
20 ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;
21 ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;
22 წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;
23 ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;
24 თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;
25 არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;
26 ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.