იობი. Chapter 17

1 შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.
2 მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.
3 მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?
4 რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.
5 ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.
6 ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.
7 დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
8 გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.
9 მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
10 თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის.
11 ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.
12 ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
13 თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.
14 საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
15 სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?
16 ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.