იობი. Chapter 36

1 განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2 ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
3 შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს.
4 რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე.
5 აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი;
6 ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს;
7 მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;
8 თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
9 გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
10 გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;
11 თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;
12 თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
13 გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;
14 სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
15 ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.
16 შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;
17 შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არიან მოჭიდებულნი.
18 ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს, დიდმა გასამრჯელომ არ გადაგხაროს.
19 თუ გიშველის ყვირილი გასაჭირში ან მთელი შენი ძალისხმევა?
20 ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;
21 ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22 აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
23 ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?
24 გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.
25 მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.
26 აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.
27 შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
28 რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
29 თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?
30 აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში;
31 რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;
22 ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ;
33 თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას.