ქებათა-ქება სოლომონისა. Chapter 6

1 სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
2 თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.
3 მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის.
4 მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
5 მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული.
6 კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის.
7 ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
8 სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
9 ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
10 ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
11 ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12 არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.