იგავნი სოლომონისა. Chapter 11

1 მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
2 ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
3 წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
4 არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
5 უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
6 გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
7 ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.
8 მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს.
9 პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.
10 მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.
11 წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12 ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
13 ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
14 თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება.
15 ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის.
16 მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17 მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.
18 ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს.
19 სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება.
20 გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
21 იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება.
22 გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.
23 მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
24 ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
25 ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
26 ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.
27 ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.
28 თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
29 თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია.
30 მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს.
31 თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.