აბაკუმ წინასწარმეტყველი. Chapter 2

1 ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
2 მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა.
3 რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
4 აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
5 ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
6 ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს!
7 ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე?
8 რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ.
9 ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!
10 სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე.
11 რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან.
12 ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს.
13 განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?
14 რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?
15 ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!
16 პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება.
17 რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი დათრგუნული.
18 რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.
19 ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
20 უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!