იონა წინასწარმეტყველი. Chapter 3

1 იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე.
2 ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.
3 ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი.
4 იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.
5 იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
6 შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.
7 გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8 ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
9 ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!
10 შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.