იონა წინასწარმეტყველი. Chapter 2

1 მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.
2 ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
3 თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
4 როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
5 ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?
6 სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
7 მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!
8 როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
9 ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
10 მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
11 უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.