ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 54

1 გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
2 გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები.
3 რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ.
4 ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ.
5 რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული.
6 რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.
7 მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ.
8 ერთწამს რისხვით დავიფარე სახე შენგან და საუკუნო წყალობით შეგიბრალებ, ამბობს შენი გამომსყიდველი უფალი.
9 რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები.
10 რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
11 დაჩაგრულია, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.
12 ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.
13 შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა.
14 სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება.
15 კი მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგნით; შენი მომხდური შენს წინაშე დაეცემა.
16 აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს.
17 ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი.