ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 46

1 ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!
2 მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.
3 მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:
4 შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.
5 ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?
6 ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ.
7 მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.
8 ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო!
9 გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.
10 დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
11 გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ.
12 მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!
13 მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას!