ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 64

1 ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები.
2 როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე.
3 უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს.
4 შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?
5 ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.
6 არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.
7 ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.
8 მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!
9 შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!
10 ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.
11 ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?