ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 24

1 აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.
2 რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე!
3 მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა.
4 დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი.
5 წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
6 ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.
7 გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.
8 გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება.
9 აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
10 დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.
11 ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
12 უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
13 რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.
14 ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას.
15 ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში.
16 ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან.
17 შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!
18 შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება.
19 ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა.
20 მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.
21 მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე.
22 შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
23 მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას.