ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 2

1 სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.
2 უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
3 დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
4 სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
5 ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!
6 მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.
7 ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
8 ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.
9 დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.
10 კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!
11 დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!
12 რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.
13 ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,
14 ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს,
15 ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს,
16 ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას.
17 დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.
18 და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.
19 შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
20 იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.
21 რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
22 ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?