მიქა წინასწარმეტყველი. Chapter 2

1 ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
2 მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
3 ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.
4 იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.
5 ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
6 ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.
7 ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8 ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.
9 ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10 ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.
11 ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.
12 მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.
13 მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.