ოსია წინასწარმეტყველი

1 უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.
2 როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.
3 წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.
4 უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.
5 იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.
6 კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.
7 იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
8 მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9 თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.