ზაქარია წინასწარმეტყველი. Chapter 11

1 გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები!
2 ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი!
3 გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!
4 ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყესე დასაკლავად განწირული ცხვარი,
5 მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად; მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო, მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ.
6 რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამბობს უფალი; აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.
7 დავმწყესავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს; ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყესავ ცხვარს.
8 ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
9 ვიტყვი: აღარ დაგმწყესავთ თქვენ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი.
10 ავიღებ კომბალს - სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხთან დავდევი.
11 გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა.
12 ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.
13 მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
14 გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
15 მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი.
16 რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.
17 ვაი, უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე; მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!