ზაქარია წინასწარმეტყველი. Chapter 5

1 კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.
2 მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა.
3 მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
4 გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.
5 გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.
6 ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.
7 აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
8 თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა.
9 ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის.
10 ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?
11 მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.