მსაჯულნი. Chapter 11

1 იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი.
2 ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ.
3 გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად.
4 გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
5 და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხეცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან.
6 უთხრეს იფთახს: მოდი, გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს.
7 უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან? ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?
8 უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოგვყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე.
9 უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, მერეც თქვენი წინამძღოლი ვიქნები?
10 უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.
11 წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
12 კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე?
13 უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.
14 დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს.
15 უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
16 როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,
17 კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი.
18 გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.
19 კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო.
20 მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს.
21 უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა.
22 დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23 ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?
24 ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.
25 რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან?
26 სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი?
27 მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის!
28 მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს.
29 გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.
30 ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,
31 როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
32 წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.
33 სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.
34 შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.
35 როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.
36 უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.
37 უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას.
38 უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.
39 ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:
40 წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.