მსაჯულნი. Chapter 16

1 ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.
2 შეიტყვეს ღაზელებმა, სამსონი ჩამოსულაო. გარს უვლიდნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან, მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ, გათენებამდე მოვკლავთო.
3 შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა.
4 ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა.
5 მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული.
6 უთხრა სამსონს დალილამ: მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა, რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?
7 სამსონმა უთხრა: შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
8 მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი.
9 ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10 უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
11 სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
12 აიღო დალილამ ახალთახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფებივით შემოიწყვიტა მკლავებზე.
13 უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ.
14 პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც.
15 უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
16 რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსძულდა სამსონს.
17 გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
18 დაინახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა. შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს: ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს.
19 კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.
20 უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან.
21 შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.
22 ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.
23 შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და ემხიარულათ. ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი!
24 ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა!
25 როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
26 უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.
27 სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
28 შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!
29 მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30 თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.
31 ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლობა, აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული.