ლუკას სახარება. Chapter 18

1 უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
2 იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
3 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
4 დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
5 მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
6 თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7 განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8 გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
9 ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:
10 ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11 ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12 ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13 ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14 გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
15 მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.
16 მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
17 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
18 ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
19 იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა.
20 იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
21 ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
22 ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
23 ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
24 დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
25 ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
26 ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
27 ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
28 და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
29 ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,
30 და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
31 წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
32 ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
33 სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.
34 მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
35 ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
36 ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?
37 უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.
38 მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
39 წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
40 იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
41 რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
42 იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
43 მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.