იოანეს გამოცხადება. Chapter 15

1 და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
2 და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
3 და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
4 ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
5 შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში.
6 გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი.
7 ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
8 და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.