იოანეს გამოცხადება. Chapter 17

1 მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
2 რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
3 და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
4 ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
5 და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
6 და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
7 მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
8 მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9 აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
10 რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
11 ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
12 ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
13 ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
14 ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
15 კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
16 ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17 რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18 ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.