პირველი მეფეთა. Chapter 15

1 უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები.
2 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს.
3 ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.
4 შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი.
5 მოადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენ არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს.
7 შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის.
8 ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა.
9 დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესი ცხვარ-ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს.
10 იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ:
11 ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.
12 ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. შეატყობინეს სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და, იქიდან გამობრუნებული, გილგალში ჩასულა.
13 მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: კერთხეული ხარ უფლისაგან! აღვასრულე უფლის სიტყვა.
14 უთხრა სამუელმა: რა არს, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?
15 მიუგო საულმა: ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ.
16 უთხრა სამუელმა საულს: მათქმევინე, რა გამომიცხადა უფალმა წუხელ. მიუგო: თქვი.
17 თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.
18 დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ყამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.
19 რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?
20 უთხრა საულმა სამუელს: არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე.
21 ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში.
22 უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე.
23 რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.
24 უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.
25 ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.
26 უთხრა სამუელმა საულს: არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.
27 შეტრიალდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მის მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა კალთა.
28 უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.
29 არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.
30 თქვა საულმა: შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.
31 წაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 თქვა სამუელმა: მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.
33 თქვა სამუელმა: როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე.
34 გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა.
35 აღარ უნახავს სამუელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამუელი საულზე. ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში.