პირველი მეფეთა. Chapter 27

1 თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.
2 ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
3 ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.
4 შეატყობინეს საულს, გეთში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.
5 უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენს გვერდით სამეფო ქალაქში?
6 მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
7 ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
8 ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
9 დაამარცხებდა დავითი მთელს ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
10 ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
11 არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
12 მიენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ.