პირველი თესალონიკელთა მიმართ. Chapter 1

1 პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
2 მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ.
3 გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე.
4 რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო.
5 ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,
6 ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.
7 ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში.
8 ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი.
9 რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,
10 და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.