ეფესელთა მიმართ. Chapter 2

1 და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
2 რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;
3 ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
4 მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
5 ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
6 მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,
7 რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
8 და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
9 და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
10 რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
11 მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -
12 ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
13 ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
14 რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
15 რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,
16 და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
17 მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
18 რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
19 ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
20 მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,
21 რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში,
22 და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.