ებრაელთა მიმართ. Chapter 4

1 მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.
2 რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3 სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.
4 ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.
5 და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
6 და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -
7 კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.
8 ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე.
9 ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა.
10 რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.
11 მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.
12 რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
13 არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
14 და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.
15 რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
16 მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.