რომაელთა მიმართ. Chapter 12

1 ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2 ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
3 ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
4 ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
5 ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
6 და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
7 თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
8 თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
9 დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.
10 ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
11 გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.
12 გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
13 შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.
14 აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
15 ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
16 ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
17 ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
18 თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
19 თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
20 ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21 ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.