ფსალმუნნი. Chapter 89

1 ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
2 ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
3 კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
4 რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
5 ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
6 დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
7 რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
8 ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
9 რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
10 ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
11 ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
12 ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
13 მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
14 გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
15 გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
16 იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
17 და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.