ფსალმუნნი. Chapter 51

1 გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა.
2 როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში.
3 რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
4 ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
5 გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
6 გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
7 ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
8 ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
9 აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
10 ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
11 გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.