ფსალმუნნი. Chapter 41

1 გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა.
2 როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
3 ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
4 ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
5 ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
6 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
7 ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
8 უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
9 დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
10 ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
11 ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
12 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.