ფსალმუნნი. Chapter 105

1 ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2 ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3 ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4 გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5 რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6 შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7 ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8 მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9 და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10 და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11 წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12 და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13 აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14 და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15 და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16 და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17 გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18 და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19 გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20 და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21 დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22 საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23 დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24 მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25 დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26 მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27 და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28 დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29 განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30 წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31 ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32 გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33 რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34 არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35 აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37 შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38 დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39 შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40 მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41 და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42 ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43 მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44 იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45 გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46 აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47 გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!