ფსალმუნნი. Chapter 141

1 მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.
2 ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
3 გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.
4 როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
5 ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.
6 მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.
7 ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ.
8 გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.