ფსალმუნნი. Chapter 35

1 გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.
2 ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
3 რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
4 მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
5 უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
6 უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
7 სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
8 რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
9 დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
10 რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
11 მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
12 ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
13 იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.