ფსალმუნნი. Chapter 31

1 მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
2 ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
3 როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
4 რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
5 ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.
6 ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
7 შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
8 გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
9 ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
10 მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
11 იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.