მეორე რჯული. Chapter 4

1 ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
2 ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.
3 თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
4 თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ დღესდღეობით.
5 იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6 დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.
7 რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას?
8 რომელი დიდთ ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ.
9 ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს
10 ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო.
11 თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
12 გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
13 გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე.
14 მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15 ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
16 რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,
17 რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს,
18 მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
19 რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.
20 აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ.
21 უფალი გამირისხდა თქვენს გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
22 რადგან ამ ქვეყანაში მოვკვდები მე, ვერ გადავალ იორდანეს. თქვენ კი გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან ქვეყანას.
23 ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა,
24 რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია.
25 თუ გეყოლა შვილები და შვილთაშვილები, შეაბერდი ამ ქვეყანას, გაირყვენი და გაიკეთე კერპი, რაიმე გამოსახულება, უკეთურად მოიქეცი უფლის შენი ღმერთის თვალში და გააჯავრე იგი,
26 ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით.
27 გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
28 დაუწყებთ იქ თაყვანისცემას ადამიანის ხელით ნაკეთებ ღმერთებს, ხესა და ქვას, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით, არაფერს სჭამენ, ვერაფერს ყნოსავენ.
29 როცა დაუწყებ იქიდან ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვნი მას, თუკი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით ეძიებ.
30 როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას,
31 რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.
32 აბა შეეკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა კაცი ქვეყანაზე, ცის კიდიდან კიდემდე: თუ მომხდარა ასეთი დიადი საქმე ან მსგავსი რამ თუ სმენილა ოდესმე?
33 თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი.
34 ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
35 შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა.
36 ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.
37 რაკი შეიყვარა შენი მამა-პაპა, კიდეც გამოარჩია მისი შთამომავლობა და თავად გამოგიყვანა დიადი ძალით ეგვიპტიდან,
38 რომ აეყარა შენს წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს.
39 ახლა შეიგნე და გულს ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა მიწაზე. სხვა არ არის.
40 დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.
41 მაშინ გამოჰყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.
42 რომ შეეძლოს იქ გაქცევა მკვლელს, რომელსაც შემოაკვდება თავისი ახლობელი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან და გადარჩეს:
43 ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
44 ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანებს.
45 ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46 იორდანეს გაღმა, ველზე ბეთ-ფეღორის გასწვრივ ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის ქვეყანიში. რომელიც დაამარცხეს მოსემ და ისრაელიანებძა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
47 დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ორი ამორეველი მეფისა, იორდანეს გაღმა რომ იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48 ყაროყერიდან, არნონის ხევზე რომ მდებარეობს, სიონის მთამდე ანუ ხერმონამდე,
49 მთელი ყარაბა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას.