მეორე რჯული. Chapter 21

1 თუ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად, ნახავ მოკლულს, ველზე დაგდებულს, და არ გეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა.
3 რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
4 და ჩაიყვანონ ამ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ ხბოს აქ, ამ ხევში.
5 მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
6 და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის მთელი უხუცესობა, ხელი დაიბანონ ხევში კისერგადამტვრეულ ხბოზე,
7 გამოაცხადონ: ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლდა არც ჩვენს თვალებს დაუნახავს.
8 მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, უფალო, და ნუ დააკისრებ უბრალო სისხლს შენს ერს, ისრაელს. და მიეტევება მას სისხლი.
9 უნდა ჩამორეცხო შენს წრეში უბრალო სისხლი, თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 როცა შენს მტრებთან საომრად გახვალ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, წამოასხამ ტყვეებს,
11 და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,
12 მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
13 გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
14 თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
15 თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება - ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
16 შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
17 რადგან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა აღიაროს და მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც კი აბადია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი,
19 ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ადგილის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე,
20 უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.
22 თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ხეზე ჩამოკიდებ მას,
23 ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმდღესვე დამარხე, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული. ნუ გააუწმიდურებ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს წილად.