მესამე მეფეთა. Chapter 15

1 იერობოამ ნაბატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე.
2 სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
3 დადიოდა ყველა იმ ცოდვებით, რასაც მასზე წინ მამამისი სჩადიოდა. არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მამამის, დავითის, გული.
4 უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი, იერუსალიმში რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი.
5 რადგანაც სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არასოდეს უღალატნია უფლის მცნებისათვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.
6 გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
7 აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ომი იყო ამტყდარი აბიამსა და იერობოამს შორის.
8 განისვენა აბიამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.
9 ისრაელის მეფის, იერობოამის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე,
10 და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
11 სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა მამამისის, დავითის მსგავსად.
12 გაყარა როსკიპები ქვეყნიდან, ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამა-პაპას ჰქონდათ გაკეთებული,
13 თავისი დედაც კი, მაყაქა, დედოფლობას მოაშორა, გადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კედრონის ხევში დასწვა.
14 ოღონდ გორაკები არ მოუშორებია. მაგრამ სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
15 შეიტანა უფლის სახლში მის მიერ შეწირული და მამამისის მიერ შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
16 გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს, შორის.
17 გავიდა ბაყაშა ისრაელის მეფე იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა არვინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან.
18 აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მორჩილთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ძესთან ტაბრიმონისა, ბენ-ხეზიონის ძისა, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:
19 იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
20 დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე.
21 ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დარჩა.
22 მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გება და მიცფა.
23 ასას დანარჩენი საქმენი და ყეელა მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ოღონდ სიბერეში ფეხები ასტკივდა.
24 განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა.
25 ისრაელზე კი იერობოამის ძე ნადაბი გამეფდა იუდას მეფის, ასას, მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
26 ბოროტად იქცეოდა იგი უფლის თვალში, მიჰყვებოდა მამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.
27 შეთქმულება მოუწყო მას ბაყაშა ახიას ძემ, ისაქარელმა, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.
28 მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფის, ასას, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
29 გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობოამის მთელს სახლს, ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა უფლის სიტყვისამებრ, როგორც თავისი მორჩილის, სილოამელი ახიას პირით ბრძანა,
30 იერობოამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც რომ აცთუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი.
31 ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი.
32 გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფის, ბაყაშას შორის.
33 იუდას მეფის, ასას, მესამე წელს გამეფდა ბაყაშა ახიას ძე ისრაელზე თირცაში და ოცდაოთხი წელი იმეფა.
34 ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობოამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.