მესამე მეფეთა. Chapter 20

1 ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.
2 გაუგზავნა მოციქულები აქაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
3 და შეუთვალა: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.
4 მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: შენი სიტყვისამებრ იყოს მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.
5 კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო. ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები.
6 ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მორჩილთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მორჩილთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვალში, და წამოიღონ.
7 უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.
8 უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დაეთანხმები.
9 უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: ასე უთხარით ჩემს ბატონ მეფეს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მორჩილს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია. წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი.
10 შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.
11 მიუგო ისრაელის მეფემ: ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით.
12 გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, როცა მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მორჩილთ: შემოეწყვეთ! ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.
13 აჰა, მოუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას. რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.
14 თქვა აქაბმა: ვისი წყალობით? მიუგო: ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით. ვინ წამოიწყებს ბრძოლას? თქვა: შენ.
15 დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი; მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი - შვიდი ათასი კაცი.
16 შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ მეფეებთან ერთად.
17 პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან.
18 თქვა: თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით; თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, შეიპყარით ცოცხლად!
19 ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან.
20 ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს, უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე მხედრებთან ერთად.
21 გამოვიდა ისრაელის მეფე და დაკრა ცხენებსა და ეტლებს. დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე.
22 მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.
23 უთხრეს მისმა მორჩილებმა არამის მეფეს: მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ დაბლობზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.
24 აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე.
25 შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ. ყურად იღო მათი სიტყვა და ასე მოიქცა.
26 როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელიანებთან საბრძოლველად.
27 შეემზადნენ ისრაელიანებიც, საგზალი მოიმარაგეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანებმა მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა.
28 გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელს ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.
29 ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანებმა არამელნი - ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს.
30 დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ. დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა.
31 უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს.
32 წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.
33 ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: შენი ძმა არის ბენ-ჰადადი. თქვა მეფემ: წადით და მოიყვანეთ. გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ.
34 უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ. დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.
35 უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემე. მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა.
36 მაშინ უთხრა: რაკი არ გაიგონე ჩემი სიტყვა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა ლომმა.
37 მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა.
38 წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული.
39 როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მორჩილი, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულეო ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სიცოცხლე იყოს მისი სიცოცხლის წილ, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადეო.
40 გაერთო საქმით შენი მორჩილი და, აჰა, სადღაა კაცი. უთხრა მას ისრაელის მეფემ: შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.
41 მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო იგი ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
42 უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!
43 წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული, და მივიდა სამარიას.