ლევიანნი. Chapter 20

1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2 ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
3 პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
4 თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას,
5 მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
6 თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
7 წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
9 ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
10 ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
11 ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
12 ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი.
13 ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
14 ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის.
15 ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ.
16 თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი.
17 ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს.
18 ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.
19 შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ.
20 ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან.
21 ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
22 დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად.
23 ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
24 მე გითხარით: თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან.
25 გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
26 წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.
27 თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.