მეორე მეფეთა. Chapter 8

1 ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.
2 დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
3 დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერ რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი ევფრატზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
4 წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
5 მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
6 დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
7 აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8 დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
9 შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
10 და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11 ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
12 არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
13 გაითქვა სახელი დავითმა ჩვიდმეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე.
14 დააყენა ედომში ხელისუფალნი; მთელს ედომში დააყენა ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
15 მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.
16 იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
17 ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
18 ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.