მეორე მეფეთა. Chapter 18

1 აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები.
2 ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი - ითაი გეთელს. უთხრა მეფემ ხალხს: მეც თქვენთან გამოვალ.
3 ხალხმა უთხრა: არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას; ჩვენისთანას ათი ათასს იწონი შენ; ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.
4 უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
5 ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს.
6 გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი.
8 მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.
9 შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა.
10 დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.
11 უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი.
12 უთხრა იმ კაცმა იოაბს: ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავდი უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი.
14 უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 მერე შემოეხვია ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. ასე მოკლეს იგი.
16 ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი.
17 აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები.
18 აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 თქვა ახიმაყაც ცადოკის ძემ: გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები.
20 უთხრა იოაბმა: ვერ იქნები დღეს მახარობელი: სხვა დღეს ახარე, დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.
21 უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.
23 რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
24 დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
25 იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი.
26 დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: აჰა, კაცი მორბის მარტო. თქვა მეფემ: ესეც მახარობელია.
27 თქვა გუშაგმა: სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს. თქვა მეფემ: კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.
28 დაიყვირა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: მშვიდობა! მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.
29 უთხრა მეფემ: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? უთხრა ახიმაცაყმა: დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა შენი მორჩილი იოაბი მაგზავნიდა შენს მორჩილს, ვერ კი მივხვდი, რა იყო.
30 თქვა მეფემ: განზე გადი და იქ დადექი. განზე გავიდა ისიც და დადგა.
31 ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდგომნი.
32 ჰკითხა მეფემ ქუშელს: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? მიუგო ქუშელმა: ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!