გამოსვლა. Chapter 19

1 ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
2 დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
3 ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
4 თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
5 ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6 მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.
7 მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
8 ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
9 უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
10 უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.
11 განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12 ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
13 ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა.
14 ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი.
15 უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ.
16 მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17 გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას.
18 ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19 თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20 ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
21 უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
22 მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
23 უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი.
24 უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი; მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს ისინი.
25 ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.